უმაღლესი განათლების ძირითადი ინდიკატორები საქართველოში

    თარიღი : 2018-01-28            

საჯარო განხილვებში ხშირად დომინირებს აზრი, რომ საქართველოში „იმაზე მეტი სტუდენტი სწავლობს, ვიდრე საჭიროა“ . რეალურად, სამუშაო ძალაზე „საჭიროებას“ განსაზღვრავს შრომის ბაზარი, რომლის ფუნქციონირების მექანიზმი საკმაოდ რთული შესაფასებელია. რასაკვირველია, ამ მიმართულებით სიღრმისეული კვლევებია საჭირო, თუმცა, მანამდე შეგვიძლია შევაფასოთ საქართველოში უმაღლესი განათლების ის მთავარი ინიდაკტორები, რომლებიც ზედაპირზეც კარგად ჩანს. შედეგად, სტუდენტების, პროფესორ-მსაწავლებელთა რაოდენობის, დაფინანსებისა და სხვა ინდიკატორების წამყვანი ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით შევძლებთ, მარტივად დავინახოთ მათი თავსებადობა გლობალურ კონტექსტთან და გამოვკვეთოთ შესაძლო პრობლემებიც.
ანალიზი შეგვიძლია დავიწყოთ უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტების რაოდენობითა და მათი განაწილებით. 2016 წლის მონაცემებით სწავლების ყველა საფეხურზე საქართველოში დაახლოებით 140 ათას სტუდენტი სწავლობს. ანუ, ყოველ 1000 კაცზე 37.7 სტუდენტია, რაც ძალიან ახლოსაა ევროკავშირის (EU-28) ანალოგიურ მაჩვენებელთან, 38.1 სტუდენტი ყოველ 1000 კაცზე.
სტუდენტთა უმეტესობა საქართველოში (78%) ბაკალავრიატის საფეხურზეა, 19% მაგისტრატურაზე ხოლო დარჩენილი 3% დოქტორანტურაზე სწავლობს (იხ. ნახ.1). ევროკავშირის ქვეყნებში საშუალოდ 61.4% სწავლობს ბაკალავრიატზე, 27.8% სამაგისტრო პროგრამაზე, ხოლო 3.7% სადოქტორო პროგრამაზე, დანარჩენი 7.2% სხვა მოკლევადიან უმაღლესი განათლების პროგრამაზე. საქართველო ბაკლავრიატის სტუდენტების რაოდენობით ახლოს დგას ირლანდიასთან (75.2 %), ნიდერლანდებთან (76.8 %), ლიტვასთან (76.9 %) და საბერძნეთთან (88.4 %).
ნახ.1: საქართველოში სტუდენტების განაწილება სწავლების დონეების მიხედვით, 2016 წ.

სტუდენტთა რაოდენობა ბოლო წლებში მზარდია, კერძო უნივერსიტეტების წილის კვალდაკვალ, თუმცა უმაღლეს განათლებაში ჯერ კიდევ დომინირებენ სახელმწიფო უნივერსიტეტები 65%-ით. 

 

ნახ.2: სტუდენტების რაოდენობა საქართველოში; კერძო და სახელმწიფო უნივერსიტეტების წილი, 2016 წ.



საქართველოში სამივე საფეხურზე სტუდენტების დიდი ნაწილი (47.3%) სწავლობს სოციალური მეცნიერებების, ბიზნესისა და სამართლის მიმართულებით. ანალოგიური მაჩვენებელი EU-28-ის ქვეყნებისათვის არის 32.2%. მეორე, ყველაზე პოპულარული მიმართულება სტუდენტებისათვის საქართველოში არის საბუნებისმეტყველო მეცნიერებები (14.6%), ეს მიმართულება EU-28-ის ქვეყნებში მხოლოდ მე-5 ადგილზეა სტუდენტთა დაახლოებით 10%-იანი წილით.
რაც შეეხება საინჟინრო დარგებს, მიმართულება მეორე ადგილზეა EU-28-ის ქვეყნებში პოპულარობის მიხედვით (15.8%), მაშინ როდესაც ეს მიმართულება მხოლოდ მე-5 ადგილზეა ქართველ სტუდენტებს შორის (8.9%). საქართველოში, ისევე როგორც EU-28-ის ქვეყნებში, მესამე ყველაზე მოთხოვნადი პროფესია არის ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა 11.8% (EU-28-ში - 13.1%). საქართველოში ყველზე მოთხოვნადი მეოთხე მიმართულებაა ჰუმანიტარული მეცნიერებები და ხელოვნებაა და დაახლოებით სტუდენტთა 10%-ია დიანტერესებული ამ მიმართულებით, რაც ანალოგიურია EU-28-ის ქვეყნებში. ამდენად, საქართველოში ევროკავშირის ქვეყნებისაგან განსხვავებით სტუდენტთა ძალიან დიდი ნაწილი სწავლობს სოციალური მიმართულების პროგრამებზე, მცირე რაოდენობა სწავლობს საინჟინრო პროგრამებზე, განსხვავებით საბუნებისმეტყველო მიმართულებებისა, რომლის შესწავლით საქართველოში უფრო მეტი სტუდენტია დაინტერესებული.
ნახ.3: საქართველოში კურსდამთავრებულთა განაწილება სწავლების პროგრამების მიხედვით, 2016 წ


მცირედი განსხვავებებია კურსდამთავრებულთა განაწილების კუთხით, ამ მიმართულებითაც 2016 წელს ყველაზე მეტი კურსდამთავრებული მოდიოდა სოციალური მეცნიერებების მიმართულებით (49%), ეს მაჩვენებელი 1.7% პროცენტული პუნქტით მეტია ვიდრე სტუდენთა რაოდენობა დღეისათვის ამ მიმართულებაზე, რაც იმის მანიშნებელი შეიძლება იყოს, რომ შედარებით მცირე რაოდენობა სტუდენტებისა ბოლო წლებში მიდის ამ მიმართულებაზე. მაშინ როდესაც კურსდამთავრებულთა რაოდენობა საინჟინრო მიმართულებით არის მხოლოდ 6%, დღეს კი სტუდენტთა რაოდენობა ამ მიმართულებაზე 8.9%-ია. კურსდამთავრებულთა რაოდენობა ჰუმანიტარული მეცნიერებების კუთხით 13.3%, ხოლო სტუდენტთა რაოდენობა ამ მიმართულებაზე მხოლოდ 10%.
ხაზგასამელია განსხვავება კურსდამთავრებულთა შეფარდებისა სტუდენთა რაოდენობასთან საქართველოსა და EU-28-ის ქვეყნებს შორის. მაგალითად, თუ EU-28-ის ქვეყნებში სტუდენტთა 24.1% ამთავრებს უნივერსიტეტს მოცემულ წელს, ანალოგიური მაჩვენებელი საქართველოსათვის არის 15.4%. ეს ნიშნავს რომ საშუალოდ სტუდენტები უნივერსიტეტში საქართველოში უფრო მეტ დროს ატარებენ ვიდრე EU-28-ის ქვეყნებში, რაც შეიძლება ახსნილი იყოს იმ სტუდენტების დიდი რაოდენობით რომლებიც დროულად ვერ ან არ ამთავრებენ უნივერსიტეტს, მაგრამ გააჩნიათ სტუდენტის სტატუსი. მონაცემების ანალიზი ცხადყოფს, რომ ბაკალავრიატის სტუდენტების არაუმეტეს 55.1% ამთავრებს შესაბამის პროგრამას ამ პროგრამისათვის დადგენილი სტანდარტული დროის განმავლობაში, ეს მაჩვენებელი ერთ ერთი ყველაზე დაბალია ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით. მაჩვენებელი მაღალია მაგისტრატურის შემთხვევაში 84.8%, ხოლო კიდევ უფრო დაბალი დოქტურანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე სადაც ჩარიცხული სტუდენტების არაუმეტეს 43% ახერხებს პროგრამის გავლას დადგენილ ვადებში. OECD-ის ქვეყნებს შორის უნივერისტეტის დასრულების მაჩვენებელი ყველაზე დაბალია უნგრეთში (53%), ასევე დაბალი მაჩვენებლებია ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში, ნორვეგია (59%), შვედეთი (53%), ხოლო მაღალი მაჩვენებელია დასავლეთ ევროპის ქვეყნებში დანია (81%), საფრანგეთი (80%) . მონაცემები ცხადყოფს რომ საქართველოში სულ მცირე ბაკალავრიატის დონეზე სტუდენტები ძალიან დიდხანს რჩებიან უნივერსიტეტში და ნაკლები წარმატებით ასრულებენ პროგრამას დროულად. ასევე გასათვალისწინებელი რომ საქართველოში პრაქტიკულად არ არსებობს სამ წლიანი საბაკალავრო და ერთ წლიანი სამაგისტრო პროგრამები, მაშინ როდესაც ევროპის მრავალ ქვეყანაში და მრავალ უნივერსიტეტში მსგავსი პრაქტიკა არსებობს.
ნახ.4. საქართველოში სტუდენტების თანაფარდობა პროფესორ-მასწავლებლებთან, 2016 წ.


სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მიმართება ერთ ერთი მთავარი ფაქტორია რაც განსაზრვრავს განათლების ხარისხს. საქართველოში დღეს ყველა უნივერსიტეტში სულ დასაქმებულია 8092 პროფესორ-მასწავლებელი, რაც ნიშნავს რომ საშუალოდ საქართველოს უნივერსიტეტბში ყოველ 17.3 სტუდენტზე 1 პროფესორ-მასწავლებელი მოდის, რაც საკმაოდ ახლოს არის EU-28-ის საშუალო მაჩვენებელთან 15.1 სტუდენტი 1 პროფესორზე, უნდა აღინიშნოს რომ ევროკავშირის ქვეყნებში ეს მაჩვენებელი ქვეყნების მიხედვითა ძალიან განსხვავებულია. მაგალითად, ხორვატიაში ეს მაჩვენებელი 74.5 სტუდენტია. ასევე 20 სტუდენტზე მეტი მოდის ერთ პროფესორზე ისეთ ქვეყნებში როგორიცაა საბერძნეთი, ჩეხეთი, ბელგია და იტალია. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი არის მალტაში 9.8 სტუდენტი ერთ პროფესორზე . უნდა აღინიშნოს რომ ეს მაჩვენებელი საქართველოში გაიზარდა ბოლო წლებში, ხოლო 2013-2014 წწ. ის შეადგენდა მხოლოდ 14.2 სტუდენტს ერთ პროფესორზე.
უმაღლესი განათლების სახელმწიფო დაფინანსება
უმაღლესი განათლების დაფინანსებაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოში მთლიანი შიდა პროდუქტის 0.35% იხარჯება (2017 წელი) . საშუალო მაჩვენებელი EU-28-ის წევრ ქვეყნებში არის მშპ-ის 1.3%, რომელიც ასევე მკვეთრად განსხვავდება ქვეყნების მიხედვით, მინიმალური მაჩვენებელი ამ კუთხით არის ლუქსემბურგში - 0.5%, ასევე 0.7% ბულგრეთსა და რუმინეთში, ხოლო ყველაზე მაღალი დანიაშია - 2.3%. ლუქსემბურგის მაჩვენებელი განპირობებულია მოსახლეობის ერთ სულზე მაღალი მშპ-ის მაჩვენებლით, ხოლო ბულგრეთი და რუმინეთი როგორც EU-28 ის ყველაზე ღარიბი ქვეყნები ყველაზე ცოტას ხარჯავენ ამ ქვეყნების ჯგუფში.
შეჯამება
უმაღლესი განათლების სისტემაში სტუდენთა რაოდენობის განაწილების შესახებ სტატისტიკური მონაცმებით შეიძლება დავასკვნათ, რომ საქართველო ახლოს არის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში სტუდენტთა რაოდენობასთან, თუმცა საკმაოდ დიდია ბაკალავრიატის სტუდენტთა რაოდენობა, მეტიც ბაკალავრიატის ეტაპზე სტუდენტების დიდი ნაწილი შესაბმის დროში არ ამთავრებს უნივერსიტეტს რაც უნდა იყოს სამომავლოდ განათლების პოლიტიკის ერთ ერთი პრიორიტეტი ვინაიდან შესაბამისი საფეხურის დამთავრება დროში სისტემის წარმატების ერთ ერთი ინიდკატორია. მნიშვნელოვანი განსხვავებაა, რომ საქართველოში საშუალოდ უფრო მეტი სტუდენტი სწავლობს სოციალური მიმართულების პროგრამებზე განსხვავებით ევროპის ქვეყნებისაგან, თუმცა შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს დინამიკა იყოს კლებადი საინჟინრო პროგრამების სასარგებლოდ. ასევე სახელმწიფოს მიერ უმაღლესი განათლების დაფინანსება ჩამორჩება ევროკავშირის ყველაზე დაბალ მაჩვენებლებსაც კი რაც ხარისხზე პირდაპირპროპორციულად აისახება.

0
107       0