საქართველო როგორც სატრანზიტო ქვეყანა: ახალი უნარები ახალი შესაძლებლობების საპასუხოდ

    თარიღი : 2018-01-28            

ვინც თვალს აქტიურად ადევნებთ საინფორმაციო საშუალებებს, არათუ უკანასკნელი თვეების, უკანასკნელი წლების ცხელი თემაა მანამდე ლაზიკად წოდებული ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი. რატომ არის ეს თემა მნიშვნელოვანი და როგორ უნდა მოვარგოთ ჩვენი უნარები იმ შესაძლებლობებს რომელსაც ანაკლიის პორტი და ზოგადად ქვეყნის სატრანზიტო ცენტრად ქცევა წარმოშობს? ამ კითხვის ჩაშლა რამდენიმე ქვესაკითხად შეიძლება. პირველი, რა ტენდენციებია მსოფლიო ვაჭრობასა და ტვირთბრუნვაში. მეორე, რა შეიძლება საქართველომ შესთავაზოს მსოფლიოს. და მესამე, რა უნარები უნდა გვქონდეს ჩვენ.
მსოფლიო სავაჭრო ნაკადებმა ბოლო ათწლეულების მანძილზე მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. აღმოსავლეთ აზია ჩამოყალიბდა წარმოების (უფრო სწორად კი იაფი მუშახელის წყალობით მზა ნაწილების აწყობის) ცენტრად და მსოფლიო ეკონომიკის ზრდის ძირითად მამოძრავებლად. შესაბამისად, რა გასაკვირია თუ ჩინეთის პრეზიდენტ ში ჯინპინის (Xi Jinping) მიერ 2013 წელს გაჟღერებული ინიციატივა სარტყელისა და გზის (Belt and Road Initiative; BRI) შესახებ უმალ ყურადღების ქვეშ მოექცა.
სარტყელისა და გზის ინიციატივა: გეოგრაფიული დაფარვა

წყარო: MERICS research
ინიციატივა აერთიანებს ორ ნაწილს: პირველი ესაა "სარტყელი", ასევე ცნობილი როგორც "აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყლი", რომელიც მიზნად ისახავს რკინიგზისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობას ჩინეთის დასაკავშირებლად ევროპასთან, ცენტრალურ აზიასთან, რუსეთსა და სამხრეთ კავკასიასთან. მეორე ნაწილია "გზა", ან "21-ე საუკუნის საზღვაო აბრეშუმის გზა", რომელიც აკავშირებს ჩინეთს აფრიკას და საბოლოოდ ევროპას სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის, ინდოეთის ოკეანის, სპარსეთის ყურისა და ხმელთაშუა ზღვის გავლით.
ერთ-ერთი მოსალოდნელი სავაჭრო დერეფანი - "ჩინეთი-ცენტრალური აზია-დასავლეთი აზია" - მოიცავს რამდენიმე ქვეყანას და აკავშირებს ჩინეთს, ყაზახეთის, აზერბაიჯანის, საქართველოსა, თურქეთს და ევროპას. ეს დერეფანი საქართველოს აძლევს მრავალ შესაძლებლობას რათა მოხდეს სტრატეგიული ადგილმდებარეობის კიდევ უფრო მეტად გამოყენება ქვეყნის განვითარებისთვის.
საქართველო მდებარეობს ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე და თითქოს ეს ბუნებრივად უნდა განაპირობებდეს იმას, რომ აზიიდან ევროპისკენ მიმავალი ტვირთი ჩვენ გვერდს ვერ უნდა გვივლიდეს. ქვეყანაში ისეთი აღქმაა შექმნილი, თითქოს ჩვენ შეგვიძლია ამ ბუნებრივი უპირატესობით ვისარგებლოთ და მშვიდად ვიძინოთ. საქმე კი სრულიად სხვაგვარადაა. ბოლო წლების განმავლობაში საქართველოზე ტრანზიტით გამავალი ტვირთების მოცულობა იკლებს, განსაკუთრებით კლებაა რკინიგზით გადაზიდული ტვირთების მიმართულებით. 2017 წლის იანვარ-აგვისტოში, საქართველოს გავლით ტრანზიტი 800,000 ტონით შემცირდა. შემცირებული ტრანზიტის მოცულობის ერთ-ერთი გამომწვევი ფაქტორია ჩვენს ქვეყანაზე გამავალი დერეფნის დაბალი კონკურენტუნარიანობა სხვა ალტერნატიულ დერეფნებთან შედარებით. ასევე აზერბაიჯანი და თურქეთი ახორციელებენ მსხვილ ინფრასტრუქტურულ ინვესტიციებს სატრანზიტო ცენტრად ჩამოყალიბებისთვის, რაც შედეგეად იწვევს საქართველოზე გამავალი ტვირთების მოცულობის კლებას. აქედან გამომდინარე საქართველოს მხოლოდ ფიზიკურ ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების ჩადებით ნაკლებად თუ შეუძლია კონკურენცია გაუწიონს თურქეთს და აზერბაიჯანს, ამიტომ საჭიროა უფრო მეტი აქცენტის გაკეთება ქვეყნის სხვა უპირატესობებე.
ჩინეთმა და საქართველომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში თავიანთი ეკონომიკური კავშირები საგრძნიბლად გაზარდეს და გაამყარეს, რაც აისახა ღრმა სავაჭრო ურთიერთობებსა (FTA) და ჩინეთის პირდაპირი ინვესტიციებს შემოდინებაში. ახლა, სარტყელისა და გზის ინიციატივა წარმოადგენს შესაძლებლობას საქართველოსთვის კიდევ უფრო გააძლიეროს ეს ურთიერთობები. საქართველოს გავლით ვაჭრობის დერეფანი რათქმაუნდა ეკონომიკური სარგებლის მომტანი იქნება საქართველოსთვის, მაგრამ კიდევ უფრო მეტ სარგებელის მიღება იქნება შესაძლებელი თუ არ მოხდება კონცენტრირება მხოლოდ სატრანსპორტო დერეფანზე და აქცენტი გაკეთდება სავაჭრო და საინვესრტიციო კავშირების გაძლიერებაზე. ამ თვალსაზრისით, საქართველოს აქვს 4 ძირითადი მახასიათებელი, რომელიც შეიძლება იყოს მიმზიდველი ინიციატივაში ჩართული ქვეყნებისთვის:
1. ბიზნესისათვის ხელსაყრელი გარემო - სწრაფად მზარდი ეკონომიკა, დაბალი კორუფციის დონე, ლიბერალური საგადასახადო პოლიტიკა.
2. ლიბერალური საერთაშორისო ვაჭრობა - თავისუფალი ვაჭრობა ჩინეთთან და ევროკავშირთან ასევე სხავ მრავალ ქვეყანასთან (წვდომა 2.3 მილიარდიან ბაზარზე საბაჟო გადასახადის გარეშე).
3. სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა - შავი ზღვა, თურქეთთან სახმელეთო საზღვრები.
4. ახალგაზრდა და კონკურენტუნარიანი სამუშაო ძალა.
მოცემული ბლოგი სწორედ ახალგაზრდა და კონკურენტუნარიანი სამუშაო ძალის არსებობაზე აკეთებს აქცენტს. თუ გვინდა რომ ქვეყანამ ერთი მხრივ, მოიზიდოს უფრო მეტი საერთაშორისო ტვირთები და მეორე მხრივ არ იქცეს მხოლოდ ტრანზიტულ ქვეყნად და ქვეყნის შეგნით შეიქმნას დამატებული ღირებულება, ამისთვის საჭიროა გვქონდეს საერთაშორისო ვაჭრობისთვის საჭირო უნარების გარკვეული ნაკრები.
უცხო ენა (ინგლისური) - წარმოუდგენელია ვისაუბროთ მსოფლიო სავაჭრო ტვირთბრუნვაში ჩართვაზე თუ არ გვეცოდინება ისეთი უნივერსალური საკონტაქტო ენა როგორიცაა ინგლისური.
ჩინური - თუ გვსურს ჩინეთთან თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება და Belt and Road ინიციატივიდან მაქსიმალური სარგებლის მიღება, აუცილებელია მეტი კომუნიკაცია ჩინურ მხარეებთან, რომლებიც ამ ინიციატივის განხორციელებაში გადამწყვეტ როლს თამაშობენ. იმის დაშვება, რომ ჩინეთში ინგლისური ყველამ იცის ცალსახად არასწორია. ამიტომ, თუ ჩვენ ქვეყანაში გვეყოლება ბევრი ჩინურის მცოდნე, ეს გაცილებით გააადვილებს მათთან სავაჭრო/ეკონომიკურ ურთიერთობებს.
ლოჯისტიკა - გარდა იმისა, რომ გვჭირდება გამართული ინფრასტრუქტურა (ანაკლიის პორტი, სწრაფი რკინიგზა, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი), ასევე გვჭირდება, რომ საქართველო მოექცეს უმსხვილესი ლოჯისტიკური კომპანიების მხედველობის არეალში. გარდა ინფრასტრუქტურისა ეს გულისხმობს მაღალპროფესიონალ კადრებს საბაჟო სტრუქტურებში, რომლებიც უზრუნველყოფენ ტვირთების სწრაფად და ეფექტურად გატარებას. ასევე, ქვეყანას სჭირდება კადრები, რომლებიც ერკვევიან ლოჯისტიკის საკითხებში, სწორად და ეფექტურად ახერხებენ მომწოდებლებთან ურთიერთობას და მოკლე დროში, მცირე დანახარჯებით უზრუნველყოფენ ტვირთის ჩატანას დანიშნულების ადგილამდე.
პროგრამრება/ანალიტიკა - ტვირთის ნაკადებს, ასევე სჭირდება პროგრამული მხარდაჭერა. ამ მიმართულებით შესაძლებლობები მართლაც უსაზღვროა. არსებობს გლობალური სავაჭრო მენეჯმენტის პლატფორმები, რომლებიც მსხვილ კომპანიებს სთავაზობენ უამრავი პროცესის ავტომატიზაციას. პროგრამირებისა და ვაჭრობის მენეჯმენტის ცოდნის კომბინაცია ამ მიმართულებით დიდ პერსპექტივებს გაგვიხსნის. მათ შორის, ქვეყანას უნდა ჰქონდეს გამართული საბაჟო პლატფორმები რაც შესაძლებელს გახდის სისტემაში მარტივად ინტეგრაციას და გააადვილებს ტვირთბრუნვას.
სამეწარმეო უნარები - რა თქმა უნდა, თუ გვინდა რომ ვიფიქროთ გავხდეთ უფრო მეტი, ვიდრე სატრანზიტო ქვეყანა, ქვეყნის შიგნით უნდა მოხდეს წარმოების წახალისება. სამეწარმეო უნარები სულ უფრო მეტ ცოდნასა და გამოცდილებას მოითხოვს. ქართული ბიზნესი საკმაოდ სწორხაზოვნათ ვითარდება და აკლია ინოვაციების კომპონენტი. ჩვენი გამოწვევაა ჩინეთ საქართველოს თავისუფალი ხელშეკრულების, Belt and Road ინიციატივისა და ევროკავშირთან დადებული DCFTA-ს ხელშეკრულების ისეთი კომბინაციის პოვნა, რაც მიმზიდველი იქნება უცხოელი ინვესტორებისთვის და საქართველოში წარმოების განვითარებას და ინოვაციების შემოტანას შეუწყობს ხელს.
ბოლოს, ქართული უნივერსიტეტების უმრავლესობა ან იგნორს უკეთებს ან არ აღიარებს საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყანას. სანთლით თუ მოიძებნება კურსები, რომლებიც ორიენტირებულია ლოჯისტიკაზე და საერთაშორისო ვაჭრობაზე. ასევე, აბიტურიენტებში ეს მიმართულებები საკმაოდ არაპოპულარულია. მიზეზად შეგვიძლია ვივარაუდოთ მათი ნაკლებად ინფორმირებულობა ამ მიმართულების პერსპექტიულობასა და ქვეყნისთვის მნიშვნელობაზე. შედეგი კი ერთია, ქარავანი მიდის. მდინარე გზას მაინც პოულობს. ჩინეთიდან ტვირთები ევროპის საზღვრებს მაინც კვეთენ. საქართველო კი თამაშგარე მდგომარეობაში რჩება.

მასალაში გამოყენებულია PMCG Research-ის მხარდაჭერით მომზადებული პოლიტიკის დოკუმენტი:
Georgia as a Transit Hub and its Increasing Potential by Implementation of the Belt and Road Initiative, Zabakhidze,M; Beradze,R; Gabriadze,I; Tbilisi, 2017

0
172       0